ჩატვირთვა..

ინიციაცია და მასთან დაკავშირებული მოკლე მიმოხილვა

ავტორი: Amateo
  • 462
ალბათ ხშირად გსმენიათ მაგიურ ინიციაციაზე; ზოგადად ეს სიტყვა ნიშნავს განდობას, კურთხევის ცერემონიას, ცოდნის გადაცემას ოსტატისგან და ოსტატის "თანხმობას", რის შემდგომაც მოსწავლე ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადიოდა, მარტივად რომ ვთქვათ, ოსტატისგან იღებდა სულიერ ცოდნას,"აბარებდა გამოცდას", და მისგანვე იღებდა "დიპლომს".
 თითქმის ყველა რელიგიაში თუ მაგიურ სფეროში გვხვდება ინიციაციის პრაქტიკა, მაგრამ მე მინდა გიამბოთ, თუ რა დატვირთვა აქვს ამ ცნებას ისლანდიურ მაგიაში და რითი განსხვავდება ის სხვა პრაქტიკებისგან.
 ვინც სკანდინავიურ მითოლოგიას მეტ-ნაკლებად მაინც იცნობს, შეამჩნევდა, რომ განსხვავებით სხვა ეპოსებისგან, სკანდინავიურში არსად არ ფიგურირებენ ადამიანებსა და ღმერთებს შორის ე.წ. შუამავლები, რომლებიც მათ შორის კავშირს უზრუნველყოფენ. აქ საერთოდ ვერ ნახავთ ვარნულ სისტემას, სადაც ყველა დაყოფილია კასტებად და ერთი მეორეზე აღმატებულია ან მეორე პირველის მონა ან მსახურია. კი, რა თქმა უნდა, აქაც ხდება დაყოფა, მაგრამ უფრო სფეროების და ცნებების მიხედვით, და არა ვარნული სისტემით, როგორსაც ინდოეთში ვხვდებით. 
 ინდოეთში ვარნები იყოფიან ოთხ კასტად, სადაც ყველაზე აღმატებულად ითვლებიან ბრაჰმანები, ეგრეთ წოდებული "ორჯერ დაბადებულები" - ფიზიკურად და სულიერად. ბრაჰმანები პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენდნენ და მათში შედიოდნენ სულიერი წინამძღვრები, ქურუმები, და ა.შ., თითქმის იგივე, რაც ქრისტიანობაში მღვდლები, ვის გარეშეც ადამიანს არ შეეძლო ღმერთთან უშუალო კავშირის დამყარება, უფლება არ ჰქონდა იმ რიტუალის შესრულების, რომელსაც ისინი ატარებდნენ, ასევე მათგან საჭიროებდა ინიციაციას და "ნებართვას" მათ წრეში მოსახვედრად. 
 რიგით მეორე ადგილზე ითვლებიან კშატრიები - ძლიერი მეომრები. სწორედ ამ კასტიდან ირჩევდნენ მეფეებს.
 შემდეგი ორი კი - ვაიშები და შუდრები, გლეხები და მსახურები იყვნენ.
 რიგვედაში ასახულია კშატრიების კასტის აჯანყების სცენა ბრაჰმანების წინააღმდეგ, რომელმაც საკრალური ფუნქციების თავის თავზე აღება გადაწყვიტა და ბრაჰმანების ხოცვა დაიწყო. ინდოეთში მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით სკანდინავიაზე. აქ მთავარ ღმერთებად - ასებად, სწორედ მეომრები გვევლინებიან, ოდინი კი გარდა ომის ღმერთისა, სიბრძნის ღმერთადაც არის ცნობილი. 
 მნიშვნელოვანია იმ ფაქტზე ხაზგასმაც, რომ სკანდინავიაში, მიუხედავად მთავარი და არამთავარი ღმერთებისა, საერთოდ არ ფიგურირებს ბატონის და მსახურის, ან პრივილეგირებულის და მათზე დამორჩილებულის თემა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ინდოელები ევროპელებს დეგრადირებულ არიელ ვარნებს უწოდებენ, იმ გაგებით, რომ ვარნული (კასტური) წყობა აქ სრულიად მოშლილია. 
 საქმე იმაშია, რომ სკანდინავიური ხედვა საერთოდ გამორიცხავს ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის აუცილებლობას, თუ არ ჩავთვლით ამ როლის შემსრულებელ შამანებს, რომელთაც სინამდვილეში არანაირი პრივილეგიები არ გააჩნდათ და მხოლოდ ადამიანის სურვილზე და უნარზე იყო დამოკიდებული, ანუ რეალურად ყველას ჰქონდა უფლება იმ რიტუალების შესრულების და ცოდნის მიღების, თუკი მოინდომებდა. ასე რომ, მართალია პატივს სცემდნენ მათ, მაგრამ ბრაჰმანებივით და მღვდლებივით არ გამოირჩეოდნენ პრივილეგიებით. 
 დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ვარნულმა წყობამ ადამიანი უფრო დააშორა ღმერთს, ვიდრე დააახლოვა. ამ კასტამ ხელში ჩაიგდო ადამიანთა მართვა, სადაც მათი "ნებართვის", "ინიციაციის" თუ "ხელდასხმის" გარეშე ადამიანს უფლება არ აქვს ღმერთთან კავშირის დამყარების. გამომდინარე აქედან, ვინაიდან სკანდინავია აბსოლუტურად უარყოფდა მსგავს სისტემას (რაც კარგად ჩანს ოდინის ქცევაშიც, როცა მან ცოდნა რუნების შესახებ ყველას გადასცა და არა ერთეულ "რჩეულებს"), ამ სფეროში მსგავსი სისტემის შეტანა იქნება მათი პრინციპების დარღვევა. შესაბამისად, ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ცოდნა "აკრძალულია" ან ვინმესგან ნებართვა და ინიციაცია სჭირდება ადამიანს, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია.
 ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ისლანდიური მაგიის შესახებ უამრავ წიგნში თუ ძველ წყაროში, სადაც დეტალურად შეიძლება ყოველი რიტუალის ნახვა, შესწავლა და გამოყენება, არსად არაა ნახსენები ინიციაცია. შამანები აქ ხდებოდნენ ნებაყოფლობით და ამისთვის თვითონ გადიოდნენ იმ გზას, რაც აღწერილია ტროტის, გალდორის და სეიტის (ვიტკების) პრაქტიკებში.