ჩატვირთვა..

სიმღერა რიგზე

ავტორი: Amateo
  • 675


"სიმღერა რიგზე". ეტაპები, ან ინიციაციის საფეხურები
 (ინიციაციაში ხაზგასმით ადამიანის განვითარების საფეხურები იგულისხმება და არა საზოგადოებრივი დაჯგუფებები, რაც კარგად ჩანს მათივე აღწერაში).
 განვითარების მიხედვით, იკვეთება ოთხი საფეხური: ტრელი, კარლი, იარლი და რიგი. აქედან საფეხურებში შეიძლება პირველი სამის განხილვა, მეოთხე კი ამ საფეხურების უმაღლესი მწვერვალია, რომელშიც თავად ოდინი მოიაზრება. 
 ტრელი. განვითარების (ინიციაციის) პირველი საფეხური. მონა, ბორკილდადებული ადამიანი. მონის მაგალითიდან კარგად შეიძლება ამ მდგომარეობის თავისებურებების დანახვა სულიერ პლანზე. ტრელი, პირველ რიგში შებოჭილი, თავისუფლებაშეზღუდული ადამიანია, იმ განსხვავებით, რომ მისი "ბატონი" არა სხვა ადამიანი, არამედ მისივე გონებაა. ეს შაბლონურად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც გააჩნია ერთადერთი და ჩვეული წარმოდგენა სამყაროზე, რითაც საკუთარ თავს თავადვე ბოჭავს. ეს ცნობილია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ასე თუ ისე ჰქონია სულიერ პრაქტიკებთან შეხება. ტრელი არ არის სულით ლამაზი და მიუხედავად იმისა, რომ დატვირთულია მძიმე სამუშაოთი, მაინც ყოველთვის ღარიბია, რადგანაც მისი სული ჯერ კიდევ ყრუ და ბრმაა. ამ საფეხურზე მოიაზრება ყველა ის ადამიანი, რომელიც ბავშვის ასაკიდან კი გამოვიდა, მაგრამ განვითარებით ამ ასაკში ჩარჩა (რაც რეალურად ადამიანთა უმრავლესობას ემართება). მაგრამ, მიუხედავად ყველა სულიერი სიმახინჯისა, ტრელები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ადამიანები, ღვთიური არსის განუყრელი ნაწილაკები არიან, ვინაიდან თითოეულის პირველსაწყისი რიგი-ოდინია.
 კარლი. ინიციაციის მეორე საფეხური. თავისუფალი ადამიანის ნიმუში ნათლად გვანახებს ტრელიდან კარლზე გადასვლის არსს - დამსხვრეულ ბორკილებს. კარლი სულიერად თავისუფლდება, თითქოს ხელახლა იბადება. ის ყველაფერს ახლებურად ხედავს, ყველაფერს ახლებურად აღიქვამს. იმისთვის, რომ გათავისუფლდე, ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, და ძალიან ბევრი გამოცდის გავლა. ჩვეულებრივ, ეს ხდება ან ძლიერი ემოციური რყევის ფონზე, ან ვინმეს დახმარებით, ვინც ამ გზაზე გეხმარება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  მსგავსი გარდატეხები, როგორც წესი ძალიან მძიმედ და მტკივნეულად ვითარდება, ვინაიდან იმისთვის, რომ ბორკილები გადაყარო, აუცილებელია ბევრ რამეზე უარი თქვა და ძალიან დიდი ხნის მანძილზე მუდმივ დანაკლისში და გაჭირვებაში იმყოფებოდე. ასეთი გამოცდების შემდეგ, ადამიანი ხშირად იმ დასკვნამდე მიდის, რომ მისი მისწრაფებები (რაც ხშირად მატერიალურ კეთილდღეობას მოიცავს) არაფერი არ ყოფილა, და ამ ფორმით ის თავისუფლდება მათგან და ხდება კარლი (რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, სწორედ ამ შაბლონებისგან და მისწრაფებებისგან გათავისუფლების შემდეგ, თავისუფლად შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მოუნდება, მათ შორის ცნობიერად გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობაც). კარლები, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც რაღაც უხილავი შინაგანი ძალა ხელმძღვანელობს და მიმართულებას აძლევს, მათი სული თავისუფალია, შესაბამისად ფიზიკური სამყაროს ზემოქმედებების მიმართ საოცარ მდგრადობას იჩენენ.
 იარლი (ერლი). ინიციაციის მესამე საფეხური. ცნობადი ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ მდიდარიც (ჩვენს შემთხვევაში სულიერად). სიმღერაში კარგად არის აღწერილი იარლი, რომელიც შეისწავლის რუნებს და მაგიურ ხელოვნებას (ცხოველების და ფრინველების ენას, ცეცხლის და წყლის შელოცვებს და ა.შ.). მან არა მხოლოდ მოიპოვა თავისუფლება, არამედ სულიერი დონეც აიმაღლა. ძალით მართული თავად ხდება ძალით მმართველი. ასეთ ადამიანს შეიძლება ოსტატი ვუწოდოთ. (ძველ რუნულ ნაწერებში ხშირად გვხვდება ფრაზა ekerilaR - ეკ ერილაზ /R - იკითხება, როგორც z/, რაც ნიშნავს ‘I, the eril’ - მე ვარ იარლი/ერლი, ‘Me, rune-master’ - მე ვარ რუნული ოსტატი).
 რიგი. არჩევითი პოზიცია, ადგილი (ახლოს არის სიტყვა თანამდებობასთან, ოღონდ უფრო თავისუფალი გაგებით). ეს არ არის ცალკე საფეხური, უბრალოდ იარლებს შორის ყველაზე ბრძენი და დახელოვნებული ოსტატია, რომელსაც შეუძლია სხვებსაც გაუძღვეს წინ, უხელმძღვანელოს. თავისი არსით კი, ეს არის ადამიანი, რომელიც  სულიერი დონით და მაგიაში დახელოვნებით ღმერთთან ყველაზე ახლოს მივიდა, ანუ ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავში ღვთიური არსი გახსნა და გამოავლინა (რომელიც, განვმეორდები, უკლებლივ ყველა ადამიანში დევს).
 ასეთი სისტემა ნათლად გვანახებს საკუთარი თავის გაცნობიერების დონეს ადამიანთა სამყაროში, რომელიც საკუთარ ღვთიურ არსს აიგნორებს და სულის განვითარებით არ არის დაკავებული. ამგვარად, თუკი ადამიანი არ ცდილობს სულიერად განვითარდეს და ამ მდგომარეობაში აღწევს ხანდაზმულ ასაკს, მისი დამოკიდებულება სამყაროს და მატერიალური ღირებულებების მიმართ, ზუსტად ისეთი რჩება, როგორიც პირველ საფეხურშია აღწერილი. ასევეა შემდგომი საფეხურებიც, სადაც იკვეთება ადამიანის დამოკიდებულების ძირითადი ფაქტორები ცხოვრების მიმართ და ამ დამოკიდებულებისგან მიღებული ბედნიერების და კმაყოფილების დონე.
 ფუტარკში, განვითარების საფეხურის მიხედვით, პირველი ატი ესადაგება - ტრელებს, მეორე - კარლებს, მესამე - იარლებს. ნორტუმბრიულ ფუტორკში არის მეოთხე - ე. წ. ასების (ღმერთების) ატი, რომელიც სავარაუდოდ რიგებს მიეკუთვნება.