ჩატვირთვა..

ოდინი და ფრეია

ავტორი: Amateo
  • 1 078



 ............................
 "ბნელი" ღმერთი და ოქროს ქალღმერთი: რა არის მათ შორის საერთო?
 ოდინი და ფრეია - სკანდინავიური პანთეონის „ვარსკვლავები“, მებრძოლი ასების ყველაზე სახელგანთქმული ღმერთი და ვანების ერთადერთი ქალღმერთი არიან - ისინი განსაცვიფრებლად ჰგვანან ერთმანეთს. ორივე მაგია, ორივეს მიჰყავს ომში დაცემული მეომრები და ორივე დიდ ინტერესს ამჟღავნებს მოკვდავთა მიმართ. 
 თავიდან ასები და ვანები ერთმანეთში ომობდნენ, მაგრამ ვერცერთმა ვერ მიაღწია უპირატესობას. საბოლოოდ მათ ზავი დადეს და მძევლები გაცვალეს. ფრეია არა მარტო დასახლდა ასგარდში, არამედ ოდინის საყვარელიც გახდა - როგორც სჩანს, ნებაყოფლობით და საკუთარი გადაწყვეტილებით. რთული არ იქნება იმის წარმოდგენა, როგორი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, როდესაც მათ შორის ზავი იდებოდა - როდესაც მიხვდნენ, რამდენად დიდი იყო მათ შორის მსგავსება.
 ხუმრობა იქით იყოს, და მაინც რა აერთიანებთ ასე ფრეიას და ოდინს?
 .....................................................................
 ორივე აგროვებს ომში დაცემულ მებრძოლებს: 
 ფრეია იღებდა მებრძოლების ნაწილს, რომლებიც ბრძოლის ველზე გმირულად ეცემოდნენ (‘სიტყვანი გრიმნირისა“, 14).
 14. მეცხრე არს ფოლკვანგი,
 იქ ადგენს ფრეია -.
 დასასხდომ ადგილებს.
 დახოცილ მხედრობას,
 ოდინთან თანაბრად,
 იგი ინაწილებს.
 არსად არ არის ხსენებული, თუ რად უნდოდა ფრეიას დაცემული მებრძოლები, მაგრამ ოდინზე ცნობილია, რომ ის აგროვებდა ჯარს, რომელიც რაგნაროკის - ასების და გოლიათების უკანასკნელი ომის დროს იბრძოლებდა ასების მხარეს. ფრეიას სასახლეს ერქვა „ფოლკვანგი“, რაც ნიშნავს „ადამიანთა ველს“ ან „ბრძოლის ველს“, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ის იგივე მიზეზით აგროვებდა ჯარს ვანებისთვის. ოდინის ერთერთი სახელი არის ვალტიური, „დაცემულთა ღმერთი“, ფრეიას ერთერთი სახელი კი - ვალფრეია, „დაცემულთა ქალბატონი“. (საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთერთი საქსონელი ენათმეცნიერი, ოდინს მოიხსენიებს როგორც რომაულ მკვდართა ღმერთს - პლუტონს).
 .....................................................................
 ორივე ფლობს მაგიას:
 „საგა ინგლინგებზე“-ს მიხედვით, სწორედ ფრეია ასწავლის ოდინს სეიტის  ხელოვნებას - მაგიის ერთერთ განხრას, რომელსაც ფლობდნენ ვანები. ამავე საგაში ნათქვამია, რომ ოდინი თავადაც ბევრ სახეობას ფლობდა მაგიაში: მას შეეძლო სახეცვლა, საბრძოლო ექსტაზში შესვლა, სულში მოგზაურობა და მიცვალებულების გამოძახება, და რაღა თქმა უნდა, ის ფლობდა რუნებს (გალდორი). ფრეია კი მაგიის ისეთ ფორმას ფლობდა, რომელიც ოდინისთვის ხელმიუწვდომელი იყო: მას მკვდართა გაცოცხლება შეეძლო.
 .....................................................................
 სიბრძნის ძიებისას მიმართავენ ვოლვებს:
 ედებში, კონკრეტულად კი „ვოლვას წინასწარმეტყველებაში“ და „ბალდრის სიზმრებში“ ოდინი რჩევის საკითხავად გარდაცვლილ ვოლვასთან მიდის. ოდინი არ ამბობს არცერთ სიტყვას, მიუხედავად იმისა, რომ ვოლვა დრო და დრო ეკითხება: „..საკმარისია ეს თქვენთვის?“. „ბალდრის სიზმრები“ კი მოიცავს დიალოგს, სადაც ოდინი ბევრ სხვადასხვა შეკითხვას უსვამს ვოლვას. „სიმღერა ჰიუნდლაზე“-ში დიალოგს ცვლის მონოლოგი: ფრეია შეკითხვებს უსვამს გოლიათ ჰიუნდლას, და ისიც პასუხობს, მაგრამ თემა ღმერთების და გოლიათების წარმოშობაზე გადაჰყავს. ვოლვები, რომლებთანაც ოდინი და ფრეია საუბრობენ ედებში, ანადგურებენ თავიანთ მოსაუბრეებს, მაგრამ მეორე შემთხვევაში ბოლო სიტყვა ფრეიას ეკუთვნობა. (ოდინი კი, სავარაუდოდ სულით დაეცა, როცა გაიგო, რომ ბალდრის სიზმრები რაგნაროკის დაწყებას მოასწავებდა).
 .....................................................................
 ორივე მფარველობს გმირებს:
 ოდინი გვევლინება, როგორც უამრავი გმირის მფარველი, ფრეია კი, სულ ცოტა, ერთ მოკვდავს მაინც იცავს და მფარველობს. „სიმღერა ჰიუნდლაზე“-ში ფრეია დახმარებას სთხოვს ვოლვას, რომ თავის უსაყვარლეს მოკვდავ თაყვანისმცემელს (ან შეიძლება შეყვარებულსაც კი) ოტტარს დაეხმაროს, რომელსაც მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებლად სჭირდება თავისი წარმოშობის გაგება. („სიმღერის“ დასაწყისში ჩამოთვლილია უამრავი გმირი, რომელთაც ოდინი ეხმარებოდა, - და შეიძლება, ამ ჩამონათვალით მართლდება და იხსნება ფრეიას ქმედებებიც.) გარდა ამისა, ოდინი მფარველობს მმართველებს, რომელთაგანაც ბევრი მას თავის ღვთიურ წინაპრად თვლიდა. („უმცროსი ედა“-ს „პროლოგში“ ნათქვამია, რომ ის მოვიდა აზიიდან და მისი მემკვიდრეები გახდნენ სამეფო დინასტიის დამაარსებლები.)
 .....................................................................
 ორივე ომებს იწვევს:
 ოდინიც და ფრეიაც მოკვდავთა შორის აღვივებენ ომებს, თუმცა მსგავსი ისტორიები ოდინზე უფრო მეტი შემორჩა, ვიდრე ფრეიაზე. საგაში ჰედინზე და ჰიოგნიზე და დრაპაში რაგნარზე გადმოცემულია, ორი მებრძოლი როგორ ერთვება მუდმივ ბრძოლაში: დაცემული მეომრები აღსდგებიან და ისევ ბრძოლას იწყებენ, და ასე გრძელდება უწყვეტად. (საგაში ბრძოლის წამქეზებლად ფრეია გამოდის, დრაპაში კი - ჰილდი, მაგრამ უკანასკნელს, მკვლევართა უმეტესობა, ფრეიას ერთერთ იპოსტასად თვლის). რამდენიმე საგაში ოდინი პირდაპირ ერთვება მოქმედებაში. ხანდახან მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის სპეციალურად ღუპავს გმირებს, იმ მიზნით, რომ ასგარდის არმია შეავსოს. კერძოდ, სტარკადის სიუჟეტში ის მზაკვრულად წირავს კონუნგ ვიკარს სასიკვდილოდ, როდესაც  რიტუალური სამსჯავრო ბოლო მომენტში რეალურად აქცია.
 .....................................................................
 ორივე მოხეტიალეა:
 „უფროსი ედას“ რამოდენიმე სიმღერა იწყება იმით, რომ ოდინი შორს გზას ადგება, როცა აზრად მოსდის რომელიმე გოლიათს სიბრძნეში შეეჯიბროს, რომელიმე კონუნგის სტუმართმოყვარეობა შეამოწმოს ან უბრალოდ სამყარო მოინახულოს. (ორ მსგავს სიუჟეტში, სადაც ოდინთან ერთად ფიგურირებენ ჰიონირი და ლოკი, მოგზაურობის მიზანი არ ჩანს. ღმერთები უბრალოდ მიდიან, სადაც თვალი მიუწვდებათ და, პირველ შემთხვევაში გოლიათ ტიაცს ხვდებიან, ხოლო მეორეში შემთხვევით ოტრს კლავენ.) როგორც სჩანს, ოდინს უბრალოდ ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა არ უყვარს. რაც შეეხება ფრეიას, მისი ხეტიალი ბევრად უფრო მიზანმიმართულია. „უმცროსი ედას“ თანახმად, თავისი ქმრის - ოდის საპოვნელად ფრეიამ მთელი სამყარო შემოიარა და გზადაგზა ქარვის ცრემლებს ღვრიდა.
 .....................................................................
 ორივეს უამრავი სახელი აქვს:
 ოდინი ამ საკითხში აბსოლუტური ლიდერია: მას ორასზე მეტი სახელი და მეტსახელი აქვს. თუმცა ფრეიაც არაერთი სახელითაა ცნობილი; მხოლოდ „უმცროს ედაში“ უკვე ცხრა სახელს იპოვით. სნორი აღნიშნავს, რომ ფრეიამ სახელების ძირითადი ნაწილი მიიღო ხეტიალის დროს, როდესაც თავის ქმარს ეძებდა მთელი სამყაროს მასშტაბით.
 .....................................................................
 ორივეს ბევრი სიყვარულის ობიექტი ჰყავს:
 ფრეიასთან - ჩრდილოელ აფროდიტესთან დაკავშირებით, ეს ფაქტი მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ამ ამბავში ოდინი არაფრით ჩამოუვარდება მას. როგორც სჩანს, თავის მეტსახელს - „ყოველთამამა“-ს ძალიან სერიოზულად უდგება: მას მართლაც უამრავი ვაჟი ჰყავს, რომელთაგანაც ზოგი სამეფო შტოს და არისტოკრატიული დინასტიის წინაპრები იყვნენ. არცერთ მათგანს, არც ფრეიას და არც ოდინს, არ ეუხერხულებათ თავიანთი მომხიბლაობის გამოყენება იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ სანუკვარი საგანძური. სწორედ ამ ხერხით აიძულა ოდინმა გუნლოდი, მისთვის პოეზიის თაფლი მიეცა, ფრეიამ კი ოთხი გნომისგან ბრისინგამენის ყელსაბამი მიიღო.
 .....................................................................
 ორივეს აქვს სახეცვლის უნარი:
 ცნობილია, რომ ოდინს შეეძლო არწივად გადაქცეულიყო: სწორედ ამ სახით დაიხსნა მან თავი გოლიათი სუტუნგისგან, როდესაც პოეზიის თაფლი გაიტაცა. ფრეიას კი შევარდენის ჯადოსნული მოსასხამი აქვს, რომელიც ლოკისთვისაც არაერთხელ უთხოვებია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ფრეიაც ხშირად იღებდა შევარდენის იერს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფაქტი პირდაპირ არსად არაა ნახსენები.
 ამ ყველაფერს შეიძლება დაემატოს იცის, რომ ორივე „მებრძოლი“ არსებაა. მართალია არცერთ ედაში თუ საგაში არ ჩანს ფრეიას უშუალო მონაწილეობა ბრძოლებში, მაგრამ ის სიყვარულის და ომის ქალღმერთადაა ცნობილი, ისევე როგორც ოდინი - ომის ღმერთად. ასევე, ოდინს ჰყავდა წყვილი ყორანი და წყვილი მგელი, ფრეიას კი წყვილი ველური კატა.