ჩატვირთვა..

ლოკი

ავტორი: Reginlave
  • 1 255

სკანდინავიური მითოლოგიის ყველაზე საინტერესო და სადავო პერსონაჟი. პრობლემების უდიდესი წყარო ცხრავე სამყაროში - ლოკი.
.............................
მოკლედ ლოკიზე
.............................
მათთვის, ვისაც არ უყვარს დიდი ტექსტების კითხვა და მოკლე ინფორმაცია მოსწონს:
1. ლოკი - ცეცხლის, ცბიერების და მზაკვრობის ღმერთი. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი სკანდინავიურ მითოლოგიაში.
2. ხშირად მას ყველაზე ბოროტმოქმედად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში, ლოკი თავისი კარგი და ცუდი ქმედებებით ყოველთვის აბალანსებს სიკეთეს და ბოროტებას. 
3. ლოკი - ყველაზე პოპულარული ღმერთია. ის ძველ-სკანდინავიური მითოლოგიის თითქმის ყველა სიუჟეტში იღებს მონაწილეობას.
4. ლოკის მშობლები - გოლიათი ფარბაუტი და ქალღმერთი ლაუვეია.
5. ლოკი არ არის ოდინის შვილი, ის მისი ძმადნაფიცია.
6. მთელი სკანდინავური მითოლოგია შეიძლება ერთი წინადადებით აღწერო - ლოკიმ გააფუჭა და ლოკიმ გამოასწორა. რაღა თქმა უნდა, როცა მას ამას აიძულებდნენ.
7. სხვადასხვა მითში და ისტორიაში უამრავი ქმედებების შემდეგ, ლოკი აწყობს ოდინის შვილის - ბალდრის მკვლელობას. ამ ქმედების გამო ღმერთებმა ლოკი სამუდამოდ მიაჯაჭვეს კლდეს, რომელიც მიწისქვეშ მდებარეობდა.
8. ბალდრის მკვლელობის გამო იწყება სამყაროს აღსასრული - რაგნაროკი. სამყაროების განადგურების წინ, ლოკი თავისუფლდება ტყვეობიდან და მონაწილეობას იღებს უკანასკნელ ბრძოლაში წყვდიადის მხარეს.
9. ამ ომში ლოკი იბრძვის ჰეიმდალთან, სადაც ორივე სასიკვდილო ჭრილობებით დაასრულებენ სიცოცხლეს. ასე მთავრდება ცეცხლის ღმერთის ისტორია.
.........................
ვინ არის ლოკი
.........................
ლოკი - ეს ყველაზე არაპროგნოზირებადი და წინააღმდეგობრივი არსებაა მთელ ცხრა სამყაროში. დილით იპარავს შენს ფეხსაცმელს, საღამოს კი ტკბილეულით გიმასპინძლდება.
მას ყოველთვის იცნობთ; გამხდარი და მაღალი, წითური, როგორც შემოდგომის ფოთლები და წაწვეტებული წვერი. თავიდან ის ქედმაღალი გეჩვენებათ, იმის გამო, რომ მის სახეს არასოდეს არ შორდება დამცინავი ღიმილი, ნიკაპი კი ისე აქვს აწეული, გეგონება ცას უყურებსო.
შემდეგ მას ძალიან მზრუნველად და საყვარელ არსებად ჩათვლი, როდესაც დაგიწყებს წრეებით შემოვლას საინტერესო საუბრებით და შემოგთავაზებს სხვადასხვა საჩუქრებს.
მაგრამ, როდესაც მოგპარავს ფეხსაცმელს და დამალავს მათ ყველაზე მაღალი ხის კენწეროზე - შენში მომენტალურად სიძულვილს გამოიწვევს, მერე კი ისევ მოიწყენ და ერთი სული გექნება, კიდევ როდის ნახავ მას.
ბევრს ავიწყდება, რომ ჩვენი ლოკი - ცეცხლის ღმერთია. ეს მას მამისგან გამოჰყვა. ახლა უკვე იცი, ვის უნდა შესწირო ძღვენი, იმისთვის, რომ მტრებისთვის გამანადგურებელი ცეცხლი ააგიზგიზო (ნახევრად ხუმრობით).
...........................................
ღმერთი ლოკის დაბადება
...........................................
გოლიათი ფარბაუტის და მუდამ სევდიანი ასევე გოლიათი, თუ ქალღმერთი ლაუვეიას (მგონი ჯერ თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა) ამპარტავანი და თვითდაჯერებული შვილი. მისი მშობლებიც, ისევე როგორც ლოკი, არანაკლებს უცნაურები იყვნენ. პირველმა თავი „ცეცხლის უზენაეს შემქმნელად“ შერაცხა და ბავშვივით უხაროდა, როცა ადამიანები მასთან მიდიოდნენ დახმარების სათხოვნელად, ხოლო მეორე, ისეთი სახით დადიოდა სულ, თითქოს ეს-ესაა ატირდებაო. მოკლედ, მთელ თავისულად დროს, სწორემ ამით იყო გართული. „იდეალური“ წყვილია.
ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ეს ორი უცნაურობა ასეთ საინტერესო არსებას შექმნიდა, როგორიც ლოკია. ლოკის გარდა მათ კიდევ ორი სრული იდიოტი შვილი ჰყავდათ, გოლიათები - ბილეისტი და ჰელბლინდი, მაგრამ ისინი არავის არ ახსოვს, ვინაიდან სულელურად და დიდების გარეშე მოკვდნენ, სიცოცხლეში კი ვერაფერი საინტერესოს გაკეთება ვერ მოასწრეს. ალბათ, როგორც სხვა ბევრი გოლიათი, ძალიან „მნიშვნელოვანი“ საქმეებით იყვნენ დაკავებულნი - ერთი გუბიდან მეორეში გადაჰქონდათ ქვები.
როდესაც ლოკი დაიბადა, ლაუვეია დიდად არ გახარებულა ამ ამბით. მათ ოჯახში ხომ ლოკი პირველი წითურთმიანი იყო, თუმცა ხუმრობა იქით იყოს და, სინამდვილეში ლაუვეია მუდმივად ბოდავდა ქმრის სიკვდილზე, როდესაც მესამე დაიბადებოდა.
მოკლედ, ერხელაც მისი ბოდვის წყალობით, ერთ წვიმიან დღეს „ცეცხლის უზენაესი შემქმნელი“ შტორმის დროს ნავით გადაყირავდა და ზღვაში დაიხრჩო, იმიტომ რომ ცურვა არ იცოდა. და მართლაც, რაში გჭირდება ცურვის სწავლა, როდესაც ცეცხლის ღმერთი ხარ? რა დარჩენოდა ფარბაუტის ზღვაში, დღემდე არავინ არ იცის. ერმნუნგანდის ნახვასაც ვერ დააბრალებ, ვინაიდან ლოკი სულ ახალი დაბადებული იყო, და ის იქ ჯერ ვერ იქნებოდა (ერმუნგანდი - ზღვის ურჩხული, ლოკის შვილი).
ასე რომ, ამ ამბის შემდეგ, მწუხარებისგან მთლად განადგურებულმა ლაუვეიამ ლოკი ასგარდს მიუგდო, თვითონ კი კლდიდან ზღვაში გადაეშვა - თავის ქმართან. აბა სხვა რა უნდა ექნა, როცა ორი შვილი იდიოტი ჰყავდა, ერთი კი წითური.
...........................
ლოკი ასგარდში
...........................
დიდებული და გრანდიოზული ასები სახელგანთმული იყვნენ უცხოებთან მკაცრი და სასტიკი მოპყრობით. და როგორ ფიქრობთ, რა გააკეთეს მათ, როცა გოლიათის მიგდებული ჩვილი ნახეს? აიყვანეს და სითბოში და სიმყუდროვეში გაზარდეს.
მოკლედ, ლოკი არ მიეკუთვნებოდა არც ასებს, არც ვანებს. მას ყველა თავისებურად ზრდიდა და ასწავლიდა. როგორც კი ლოკი ფეხზე დადგა და გაიარა, მთელ ცხა სამყაროში პრობლემების მთავარი წყარო გახდა. პატარა ლოკი არავის უსმენდა, ყოველთვის ყველას ატყუებდა და ხშირად სადღაც გარბოდა. ზოგჯერ სხვის ნივთებს მალავდა. განსაკუთრებით ფეხსაცმლის მოპარვა მოსწონდა. კიდევ ძალიან მოსწონდა ხორცს რომ ჰპარავდა ანდჰრიმნირს - ვალჰალის მთავარ მზარეულს. ამის გამო, თითქმის ყოველთვის, რომელიმე ეინჰერი სუფრაზე დამსახურებული ხორცის გარეშე რჩებოდა.
კიდევ, ლოკი ბილწსიტყვაობდა, როგორც სვარტალჰეიმერი მჭედელი და ღმერთებს მუდმივად ნაძვის გირჩებს ესროდა. ამ ყველაფრის გამო არავის არ უნდოდა მასთან მეგობრობა, ამიტომ ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თავხედი არსება გაეძევებინათ იქ, საიდანაც მოვიდა.
მაგრამ, როგორც ვიცით, ასგარდში არცერთი გადაწყვეტილება ძალაში არ შედიოდა უმაღლესი ასის - ოდინის თანხმობის გარეშე. ასებმა ოდინთან თხოვნით მიმართვა გადაწყვიტეს, რომ ეს წითურთმიანი უხერხულობა პირდაპირი რეისით ეტუნჰეიმში გაემგზავრებინათ. იჯდეს თავისთვის მარტო ორმოში და თავის თავს ესროლოს გირჩებიო, ეუბნებოდნენ ოდინს, იმიტომ რომ უტგარდამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელიო.
მაგრამ, თეთრწვერიანმა გაიღიმა და უთხრა, რომ ლოკის გამოყენება ძალიან კარგად შეიძლებოდა მათი მიზნებისთვის - მისი ცბიერება, ტყუილის და მოპარვის ნიჭი ხომ საოცრად უსაზღვრო იყო. ხოლო რაც დრო გადის, ამ ყველაფერში ლოკი უფრო და უფრო იხვეწებოდა.
დავუბრუნდეთ ამ გარეწარ არსებას. როდესაც ლოკი გაიზარდა და თვალსადეგ ყმაწვილად ჩამოყალიბდა, ოდინმა ძმად შეფიცვის რიტუალი მოაწყო, იმისთვის, რომ ყოველთვის ჰქონოდა კავშირი და ეკონტროლებინა ყოველი მისი ნაბიჯი... რა იცი, როდის რა მოუვა მას თავში აზრად. ნაყარი მიწის წრეში ორივე შუაში დადგნენ, გადაიჭრეს ხელები და სისხლით გაამყარეს მათი მომავალი ძმობა - ამის შემდეგ სკანდინავები ასე ეფიცებოდნენ ძმობას ერთმანეთს.
................................................
ლოკის როლი მითოლოგიაში
................................................
როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, მთელი სკანდინავიის მითოლოგია შეიძლება ერთი ფრაზით ახსნა - ლოკიმ გააფუჭა, ლოკიმ გამოასწორა, თუმცა გამოსწორებას, მას, როგორც წესი აიძულებდნენ ხოლმე.
ჯერ კიდევ ძველი გრძელწვერა პაგანები, უმაღლეს ღმერთ ოდინს თვლიდნენ საწყისის და ქმნადობის ღმერთად. ვინაიდან სწორედ ოდინმა შექმნა ცხრავე სამყარო და მონაწილეობა მიიღო პირველი ადამიანების - ასკას და ემბლის შექმნაში.
ლოკის კი პირიქით, დასასრულის და განადგურების ღმერთად თვლიდნენ - მისი ბრალეულობით დაიწყო რაგნაროკი, სამყაროს აღსასრული. ამ უკანასკნელ ომში კი ბოროტების მხარეს მებრძოლი მთავარი მოქმედი პირები სწორედ მისი შვილები იქნებიან.
სანამ თავზეხელაღებული ლოკი ეტუნჰეიმში ცხოვრობდა, გრძელ სუსხიან ღამეებს ბებერ გოლიათთან - ანგრბოდასთან ატარებდა. თან ისე ატარებდა, რომ ამასობაში სამი შვილი გაუჩინა:
1. ჰელი - მკვდრადშობილი გოგონა. ნახევრად ცოცხალი, ნახევრად მკვდარი. პატარა, მორცხვი საწყალი არსება, ცრემლის გარეშე რომ ვერ შეხედავ. მაგრამ მასთან ხუმრობა არ ღირს, ის ჰელჰეიმის - მკვადრთა სამეფოს მომავალი მბრძანებელია.
2. ერმუნგანდი - პატარა გესლიანი გველის წიწილი, რომელიც ღმერთებმა ზღვაში გადაუძახეს, რომ ფეხებში არავის მოსდებოდა და ხელი არავისთვის შეეშალა. სწორედ ეს პატარა გველის წიწილია, რომელიც უზარმაზარ ზღვის ურჩხულად იქცა და რომელიც მიდგარდს სარტყელივით შემოეხვია, ზღვაში გზააბნეულ ვიკინგებს და მეთევზეებს კი გულს უხეთქავს.
3. ფენრირი - ეს პერსონაჟი ცალკე ისტორიაა. პატარა მგლის ლეკვი, რომელიც უზარმაზარ ურჩხულად გადაიქცევა, ტიურს ხელს მოაჭამს, ოდინს კი მთლიანად დაგასანსლავს.
რას იზამ, ანგრბოდა არ იყო ლამაზმანი, ლოკი ხომ საერთოდ ღმერთი იყო, ბავშვები კი ღმერთებს ყოველთვის რაღაცნაირი უცნაურები უჩნდებიან.
მაგრამ ანგრბოდას გარდა ლოკის სხვა ქალიც ჰყავდა - სიგუნი, ჭკვიანი და ლამაზი, ჩამოთლილი როგორც ლერწამი. ვერცერთი ქალი ვერ ჯობნიდა მას ერთგულებაში. სამწუხაროა რომ ქმარში არ გაუმართლა. ავარდნილ და ლოთ ლოკის ვერ დაარქმევ ოჯახის კაცს და იდეალურ ქმარს - სახლში არასოდეს იყო, და სულ ავიწყდებოდა ოჯახზე ზრუნვა.
თავმდაბალმა სიგურმა ლოკის ორი შვილი გაუჩინა:
1. ნარვი - წყნარი და მშვიდი ბავშვი, ზედმეტად წყნარიც კი ბავშვის თაობაზე. ხანდახან გაუგებარია, რაზე შეიძლება ასე სერიოზულად იფიქროს ბავშვმა ამ ასაკში.
2. ვალი - სასაცილო მსუქანა, ანცი ბავშვი, რომელიც მუდამ მგელს განასახიერებდა და თავის ძმას დასდევდა. მოკლედ, ორი უკიდურესობა, მაგრამ ორივე მამასავით წითური.
ბავშვებს მამა ძალიან უყვარდათ, მიუხედავად იმისა, რომ ის მათთან ძალიან ცოტა დროს ატარებდა და ყოველთვის სადღაც გარბოდა. სახლში ხშირად სხვა ღმერთები მოდიოდნენ და კითხულობდნენ: „ხომ არ გამოჩენილა ლოკი?“ - ალბათ სადმე რამეს რომ გააფუჭებდა მაგიტომ.
მაგრამ როცა სხვა საქმეებზე გარბოდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბავშვების აღზრდა. ლოკი მონაწილეობდა თითქმის ყველა მოვლენაში, რაც კი ცხრა სამყაროში ხდებოდა. და როგორი პათოსითაც არ უნდა ჟღერდეს - წითურთმიანი ხულიგანი გადამწყვეტ როლს თამაშობს სკანდინავიურ მითოლოგიაში.
.....................................................
ლოკი და ღმერთების საგანძური
.....................................................
ერთხელ, როცა თორი მძიმე ლახვარის სროლაში ვარჯიშობდა ხისგან გამოთლილი გოლიათების მეფის - ჰრუნგნირის ქანდაკებაზე, მასთან მისმა ულამაზესმა ცოლმა - ოქროსთმიანმა სიფმა მიირბინა, ოღონდ თავზე ღერი თმა აღარ შერჩენოდა და საშინლად გაბრაზებული იყო. „ამ შენმა ლოკიმ ჩემი თმა მოიპარა“ - უთხრა ქმარს და გადაპარსული თავი აჩვენა, „და საერთოდაც, უნდა გაგედოთ, ვერ ვხვდები რატომ დაიტოვეთ, ხომ ვცხოვრობდით მისი გამოხტომების გარეშე ადრე მშვიდად და უდარდელად?“ - არ წყნარდებოდა სიფი. 
„დამშვიდდი, ყველაფერს დავაბრუნებ“ - ამოიხორა თორმა. თუმცა თორი არც ისე გაკვირვებული იყო ამ ამბით, უკვე მიჩვეული იყო მატყუარა ლოკის მსგავს გამოხტომებს. აიღო უზარმაზარი ხის ჯოხი და ჩრდილოეთის ტყეებისკენ გაეშურა...
......................................
ლოკის სხვა ქმედებები
......................................
მისი ქმედებები იმდენად ბევრი და იმდენად ვრცელია თითოეული, რომ ყველას დატევა შეუძლებელი იქნება, თუმცა რამდენიმე მათგანს მოკლედ გადმოგცემთ:
1. პირველი ადამიანები - ლოდურის სახელით, ოდინთან და ჰიონირთან ერთად, ლოკიმ პირველი ადამიანები - ასკა და ემბლუ გამოჭრა იმ ხისგან, რომელიც ზღვის ტალღებმა ნაპირზე გამორიყეს.
2. დიადი მშენებელი - უსახელო გოლიათი, ქვისმთლელის სახით, რომელმაც სანაძლეოზე ასებისთვის უზარმაზარი კედელი ააგო. იმისთვის, რომ მშენებელს ვერ მოესწრო დათქმულ დროში კედლის აშენება და წაეგო სანაძლეო, ლოკი ლამაზ ცხენად იქცევა და გოლიათის ცხენის - სვადილფარის ყურადღების გაფანტვას ცდილობს, რომელიც მას კედლისთვის ქვების ზიდვაში ეხმარება. მშენებელი ვერ ასწრებს დათქმულ დროში კედლის აშენებას და ღმერთები ზეიმობენ, ვინაიდან აღარ უწევთ მზის და მთვარის მიცემა მისთვის. ამდენი „ყურადღების გაფანტვის“ მცდელობაში კი, შედეგად ლოკი რვაფეხიან ცხენს - სლეიპნირს გააჩენს, რომელიც მომავალში ოდინის მფლობელობაში გადავა.
3. ღმერთების საგანძური - ლოკი თორის უსაყვარლეს ცოლს - სიფს მის ოქროსფერ თმას პარავს. თორი მას აიძულებს უკან დააბრუნოს, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, ვინაიდან მან ისინი თავის ფესვებიანად მოიპარა. ამის გამო ლოკი მიწისქვეშეთში მცხოვრებ ჯუჯა მჭედლებს სთხოვს მათ დამზადებას, რის გამოც მათ შორის დიდ კამათს გამოიწვევს. ძმები სინდრი და ბროკი ეკამათებოდნენ ოსტატი ივალდის შვილებს, თუ ვინ ითვლებოდა საუკეთესო ოსტატად ამ საქმეში მთელ ცხრა სამყაროში. ოსტატების ამ შეჯიბრის შედეგად იქმნება ისეთი საგანძურები, როგორებიცაა: თორის ჩაქუჩი მიოლნირი, ოდინის ლახვარი გუნგნირი, ოდინის ბეჭედი დრაუპნირი, გემი სკიდბლანდირი, სიფის ოქროს თმები და ოქროს ტახი ფრეირისთვის. 
4. ახალგაზრდობის ვაშლები - ერთხელ ლოკი გოლიათი ტიაცის ტყვედ აღმოჩნდება. თავისუფლების სანაცვლოდ გოლიათისთვის ქალღმერთ იდუნს - ახალგაზრობის ოქროს ვაშლების მცველს შეიტყუებს მახეში. შემდგომ, როდესაც გააცნობიერებს თავის შეცდომას, თვითონვე დაიხსნის მას გოლიათის გამოქვაბულიდან. გოლიათი ტიაცი გადაიქცევა უზარმაზარ არწივად და დაედევნება ლოკის და იდუნს, მაგრამ როგორც კი ასგარდამდე მიაღწევს, წინასწარ გაფრთხილებული ღმერთების მიერ მოწყობილ მახეში გაებმება და დაიწვება.
5. გააცინო სკადი - თავისი მამის, ტიაცის სიკვდილის გამო შურის საძიებლად ასგარდში მისი ქალიშვილი - სკადი მიდის. იმისთვის, რომ შურისძიება თავიდან აიცილონ, სკადი ითხოვს ერთერთ ღმერთს ქმრად, შემდეგ კი მას სთხოვს გააცინოს ის. სკადის გასაცინებლად ლოკი თავის სათესლე ჯირკვლებზე თოკით მიიბავს თხას და ეჯიბრება, ვინ გადაწევს თოკს. სკადის ამ სანახაობაზე ისეთი ისტერიული სიცილი აუვარდება, რომ პატიობს მამის მკვლელობას.
6. ანდვარის ოქრო - ლოკი შემთხვევით ჯადოქარი ჰრეიდმარის შვილს კლავს, რომელიც წავის სახით დასეირნობდა ტყეში. მკვლელობა რომ გამოისყიდონ, მგლოვიარე მამა იმდენ ოქროს ითხოვს, რამდენიც წავის ტყავს დაფარავს. ოქროს საგანძურების მთელ გროვას, ლოკი, ჯუკა ანდვარისთნ იპოვის, და ართმევს მას, რომ ჰრეიდმართან ანგარიში გაასწოროს. ამ მითს კიდევ „დაწყევლილ ოქროს“ ეძახიან და მასთან კიდევ ბევრი მითია დაკავშირებული.
7. ფრეიას სამკაული - რწყილად გადაქცევისას, ლოკი ფრეიას პარავს ყელსაბამ ბრისინგამენს. ჰეიმდალი დაედევნება მას, რის შემდგომაც ჰეიმდალი და ლოკი ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ სელაპების სახით ხსოვნის სტელას გვერდით - სინგანსტეინთან. 
8. ფრეიას ქორწილი - ეტუნჰეიმში მოსახვედრად და გოლიათების მეფის - გეირროდის მიერ მოპარული თორის ჩაქუჩის დასაბრუნებლად, ლოკი თორს აქცევს გეირროდის პარატძლად, ხოლო თვითონ მის მსახურად გადაიქცევა. ძალიან სახალისო და უჩვეულო სიუჟეტია.
.....................................
ბალდრის მკვლელობა
.....................................
ახლა გიამბობთ მოვლენებზე, რომელიც ნაკლებად სახალისოა. ცხოვრობდა სამყაროში ლამაზმანი ბალდრი - ღმერთი გაზაფხულისა და სილამაზის. იყო ის ოდინის ერთერთი შვილთაგანი და ყველას ძალიან უყვარდა ის. მაგრამ არ იყო ბედნიერი თავად ბალდრი, ღამღამობით მას კოშმარები ესიზმრებოდა: საკუთარი მამის სიკვდილზე, უზარმაზარ მგელზე და გველზე, გოლიათების არმიაზე და სამყაროების აღსასრულზე.
.
აღაშფოთებდა ეს ბალდრის მშობლებს - ოდინს და ფრიგს. უნდოდათ მოეცილებინათ საკუთარი შვილისგან ეს ბნელი სიზმრები, მაგრამ როგორ - არ იცოდნენ. რჩევა სჭირდებოდათ მცოდნესგან. ასეთი ადამიანი იყო, მაგრამ... დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ყოვლისმცოდნე ნათელმხილველი ველვა, მოკვდა ის უკვე. მისი საფლავი კი სამყაროს ბოლოში მდებარეობდა.
გადაწყვიტა ყოველთამამამ, რომ მხოლოდ ნათელმხილველი მოუყვებოდა სიმართლეს შემაშფოთებელი სიზმრების შესახებ და გაემართა ის შორ გზაზე. დიდხანს მიაჭენებდა ოდინი დათოვლილ ბილიკებს, გამოქვაბულებს და მაღალ მთებს. დიდხანს ეძებდა დაფარულ საფლავს უძველეს ყორღანებს შორის. დიდხანს აბრუნებდა ნათელმხილველს მკვდართა სამეფოდან, ჭაღარაწვერიანმა ყველა თავისი ბნელი ცოდნა გამოიყენა ამისთვის.
მკვდარი ნათელმხილველი ველვასგან გაიგო ოდინმა, რომ ბალდრს მალე ელის სიკვდილი. ხოლო მისი სიზმრები, უახლოესი მომავალია, და არაფერი დაეხმარება მას - ასეთია მისი ბედი. დაბრუნდა სახლში ღმერთების მეფე დამწუხრებული და ცუდი ამბებით. მაგრამ ფრიგს, როგორც სხვა ნებისმიერ დედას, არ სურდა შეგუებოდა საკუთარი უსაყვარლესი შვილის ასეთ ხვედრს. გადაწყვიტა გადაერჩინა ის მოახლოებული სიკვდილისგან, დაეცვა სიკვდილის ქალღმერთის ბრჭყალებისგან.
მოიარა მოსიყვარულე დედამ მთელი ცხრა სამყარო და აიღო ფიცი ყველა ცოცხალი არსებისგან, მცენარეებისგან და ცხოველებისგან, ავადმყოფობებისგან და დაბრკოლებებისგან. ყველამ დადო ფიცი, რომ არ მიაყენებდნენ ბალდრს ბოროტებას, და მხოლოდ ფითრის პატარა ტოტი გამორჩა, რომელიც ვალჰალის შორიახლოს იზრდებოდა.
მთელი დღე ერთობოდნენ ღმერთები, ესროდნენ და ურტყავდნენ ბალდრს ყველანაირ იარაღს. შუბები ტყდებოდნენ, ჩაქუჩები იფშხვნებოდნენ - არაფერს შეეძლო ზიანის მიყენება ბალდრისთვის. ყველას უხაროდა ასეთი ბედნიერება და ზეიმობდნენ. ჩვენი საყვარელი ბალდრი - უკვდავია.
მხოლოდ ორს არ უხაროდა ეს ამბავი ჩდრილში მდგარ ლოკის და ბალდრის ბრმა ძმას - ჰიოდის. ლოკის არ მოსწონდა ასეთი უსამართლობა, თუკი ვინმეს უწერია სიკვდილი - დაე მოკვდეს, რა საჭიროა ბედის მოტყუება, ფიქრობდა ის. ჰიოდი კი ვერ იზიარებდა საერთო სიხარულს იმიტომ, რომ ვერ ხედავდა იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა. ან რა ჰქონდა სასიხარულო, როცა შენი ძმა - ულამაზესი, ღმერთების რჩეული, მზის და გაზაფხულის ღმერთია, შენ კი ბრმა ხარ, საძაგელი, არავის უყვარხარ, ვერავინ გამჩნევს, ზეიმზეც კი არ დაგპატიჟეს... მაგრამ ბოროტი განზრახვა მაინც არ ჰქონია მას ძმის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონდა მარტოობაში ყოფნა.
რა უნდა მოუხერხო უსამართლობას? მართალია - უნდა გამოასწორო. წავიდა ლოკი მუხის ტყეში, მოჭრა ფითრის პატარა ტოტი და მისგან ისარი გააკეთა. რა ისარი უნდა გამოსულიყო რბილი და ნორჩი ყლორტისგან, მაგრამ როგორიც გამოუვიდა, სულ ეს იყო... მოკლედ ბევრი ეცადა.
შემდეგ საკუტარი ქმნილება ბრმა ჰიოდს დააჭერინა ხელში, თვითონ კი ურთხელის ხისგან დამზადებული მშვილდი ამოიღო. აი ჰიოდისთვისაც მოვიდა დრო, სხვებთან ერთად გახალისებულიყო. გამოეცადა ძმა გამძლეობაზე და მერე კარგად გამხიარულებულიყო. ლოკიმ ბრმა ღმერთის ხელები ბალდრისკენ მიმართა და უთხრა, როდის უნდა ესროლა. შემდეგ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
ჰიოდმა საკუთარი ძმა მოკლა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ სურდა ეს. ლოკი სადღაც გაქრა. ასგარდში კი დიდი გლოვა დაიწყო.
.......................................
ბალდრის დასაფლავება
.......................................
გაზაფხულის ღმერთს ყველა აცილებდა უკანასკნელ გზაზე. ღმეთები და ცხოველები ერთად შეიკრიბნენ საყვარელ ღმერთთან გამოსამშვიდობებლად. ეტუნჰეიმის გოლიათებმაც კი დაივიწყეს იმ დღეს წყენები და მოვიდნენ მის გასაცილებლად. ყველა გლოვობდა ბალდრის სიკვდილს. მაგრამ ყველაზე მეტად ოდინი გლოვობდა, ვინაიდან მან იცოდა, რის დასაწყისს იუწყებოდა ეს ამბავი.
ბალდრის სხეული ღმერთებმა მის მაღალ და ლამაზ ნავში მოათავსეს და გაამზადეს ცეცხლზე დასაწვავად. ნაინამ - ბალდრის ცოლმა, ვერ გადაიტანა ქმრის სიკვდილი და მწუხარებისგან მოკვდა. ისიც მის გვერდით მიაწვინეს, მისი ცხენიც, მისი ძვირფასი ნივთებიც. ოდინმა კი თავისი ბეჭედი - დრაუპნირი გაატანა თავის საყვარელ შვილს. ასე გააცილეს ბალდრი ჰელის სამეფოში და შეეგუენ მის სიკვდილს.
მხოლოდ ფრიგი ვერ იჯერებდა, რომ თავის შვილს ვეღარასდროს ნახავდა, მისთვის ეს წარმოუდგენელი იყო. დაიწყო მოხალისის ძებნა, ვინც ჩდრილოეთით, სიკვდილის ქალღმერთის სამეფოში გაემგზავრებოდა და ბალდრის დასაბრუნებლად გამოსასყიდს გადაუხდიდა.
ყველა მდუმარედ იდგა, არავის აუწევია თავი, გარდა ერთისა. მას ჰერმოდი ერქვა, ოდინის მამაცი შვილი. ღმერთებმა მძიმედ ამოიოხრეს, მისცემს მას რვაფეხა ცხენი სლეიპნირი და შორ გზაზე გააცილეს. ორჯერ ცხრა ღამის მანძილზე ჰერმოდისგან არაფერი ისმოდა, მაგრამ ახალი დღის პირველ სხივთან ერთად დაბრუნდა მაცნე და ყველაფერი მოყვა.
ჰელი თანახმა იყო გაეშვა ბალდრი, მაგრამ ერთი პირობით - რომ ყველა ცოცხალ არსებას უნდა ეტირა გაზაფხულის ღმერთის სკვდილის გამო. ფრიგმა ყველა სამყაროში გააგზავნა მაცნეები და ყველა ტიროდა ბალდრის გამო, ერთის არსების გარდა.
ერთხელ, ერთერთი მაცნე ბნელ გამოქვაბულში მძინარე გოლიათ ქალს წააწყდა, და ჰკითხა, იზიარებდა თუ არა ამ დიდ ტრაგედიას? „ არც ცოცხალი და არც მკვდარი არ მჭირდება მე თქვენი ბალდრი, დაე იჯდეს სიკვდილის ქალღმერთთან“. ეს გოლიათი კი - მზაკვარი ლოკი იყო. არ გადაარჩინა მან ღმერთების რჩეული, რითიც მორიგი თავი დაასრულა.
.......................
ლოკის დასჯა
.......................
ბალდრის დასაფლავების შემდეგ გაიგეს ღმერთებმა, რომ ყველაფერი ლოკის მოწყობილი იყო. ლოკი თავის ცოლთან - სიგუნთან და შვილებთან - ნარვისთან და ვალისთან ერთად დაიჭირეს და მიწისქვეშა გამოქვაბულში დაამწყვდიეს. ცბიერი ლოკის სასტიკ სასჯელს უმზადებდნენ ღმერთები.
ბრძენმა კვასირმა პატარა ვალი მგლად აქცია, მან კი საშინელი სისასტიკით დაგლიჯა თავისი ძმა. ნარვის ნაწლავებისგან ღმერთებმა თოკი გააკეთეს, რითიც ლოკი დიდ ქვას მიაბეს. სკადიმ - ტიაცის შვილმა, რომელიც ლოკის ხელიდან მოკვდა, მის თავზე შხამიანი გველი დაკიდა, რომლის შხამი წვეთ-წვეთად ეცემოდა ლოკის თვალებზე და წვავდა. ასე დატოვეს ლოკი უკანასკნელ ჟამამდე.
ყოველ დღე, საწყალი სიგუნი დიდი თასით, ქმარს თავზე ადგას და შხამის წვეთებს აგროვებს, ხოლო როდესაც სავსე ჯამის გადასაღვრელად გადის, ლოკი ბოლო ხმაზე ღრიალებს და ტკივილისგან იკრუნჩხება, ვინაიდან მისი თვალებიდან ეს შხამი ცეცხლად იფრქვევა. სკანდინავებს სჯეროდათ, რომ სწორედ ლოკის განწირული ხმები იყო მიწისძვრების მიზეზი.
ბალდრის სიკვდილი მიზეზი გახდა იმ მოვლენების ჯაჭვის დასაწყისის, რომელმაც სკანდინავიური მითოლოგიი სამყარო დასასრულამდე - რაგნაროკამდე მიიყვანა.
..................
რაგნაროკი
..................
რაგნაროდი - დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, სკანდინავიური მითოლოგიის უკანასკნელი თავი. ეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლებიც ვიგრიდრის ველზე უკანასკნელი ომით სრულდება.
როდესაც ღმერთების განადგურება იწყება, ლოკი აიწყვიტავს თავის საზარელ ბორკილებს და გოლიათების ჯარის წინამძღვრად მიდის. თავისი თანამემამულეები ლოკის უზარმაზარი გემის - ნაგლფარის ბორტზე აჰყავს, რომელიც მკვდრების ფრჩხილებითაა აწყობილი და მიჰყავს უკანასკნელ ბრძოლაში.
გრძელი და მძიმე იქნება ეს ბრძოლა. მასში აღირევა სინათლე და წყვდიადი, ღმერთები და ურჩხულები. თვითონ ლოკი ჰეიმდალთან იბრძოლებს, სადაც ერთმანეთს სასიკვდილო ჭრილობებს მიაყენებენ და ორივე ამ ბრძოლაში დაეცემა. შემდეგ, შუა ბრძოლის დროს, ცეცხლოვანი გოლიათი სურტი, მოიკრიბავს მთელ თავის ძალას და გაანადგურებს ყველაფერს, რაც კი ცოცხალია - დაასრულებს უკანასკნელ თავს. აქ მთავრდება ლოკის ისტორიაც.
.....................................................
კიდევ ცოტა რამ ლოკის შესახებ
.....................................................
1. ძველსკანდინავიურად ლოკის სხვა სახელები: Hveðrungr, Loptr, Lóðurr.
2. ერთხელ ლოკიმ ბოროტი ქალის ნახევდარდამწვარი გული შეჭამა. ასე ჩაისახა ყველა ჯადოქარი.
3. ოდინი ხანდახან ლოკის გიჟს ეძახის.
4. ეტუნჰეიმში ცხოვრობს უტგარდის მბრძანებელი სახელით უტგარდ-ლოკი, არის ვერსია, რომ ეს სწორედ ის ლოკია.