ჩატვირთვა..

Algiz – „ შენი გზა ხიფათითაა სავსე, მაგრამ შენშივეა ძალა, რომელიც დაგიცავს”

ავტორი: Reginlave
  • 1 041

Algiz – „ შენი გზა ხიფათითაა სავსე, მაგრამ შენშივეა ძალა, რომელიც დაგიცავს”



მას ვიკინგები ვიზუალურად უკავშირებდნენ  ცხენ-ირემს, ირმის რქებს,  ასევე ლერწამს, რომლის ბოლოებიც იგულისხმებოდა, რომ ბასრი იყო.
თუ ნიშანს დავაკვირდებით მისი ფორმა ძალიან ჰგავს ადამიანის ფიგურას, რომელიც  ღმერთებს სთხოვს დაცვასა და დახმარებას. თითქოს მაღლა აპყრობილი ხელებით იმუხტება ზეციური ენერგიით.
რუნა Algiz უმეტესწილად დამცავ ნიშნად ითვლებოდა, ოღონდ აქ საუბარია პასიურ თავდაცვაზე, როცა ადამიანი თავს იცავს გარესამყაროს მავნე ზემოქმედებისაგან, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ზიანისაგან, რომელიც მას შეიძლება მოუტანოს ბოროტმა ძალამ. მას ასევე მიიჩნევდნენ ზეციური ენერგიის  წყაროდ და განიხილავდნენ, როგორც ერთგვარ არხს, რომლის გავლითაც დამცავი ენერგია ჩამოედინებოდა დედამიწაზე. მაშინდელი რწმენით ამ რუნას ადამიანებისათვის მოჰქონდა ბედნიერება და ჯანმრთელობა, რადგან ფლობდა უდიდეს ძალას. იყენებდნენ სამკურნალო დანიშნულებითაც, მისი დატანა ხდებოდა მტკივან ადგილზე, ასევე ითვლებოდა, რომ ჰქონდა ორგანიზმის გაძლიერების, ძალების აღდგენის უნარი. მას გამოსახავდნენ სამკაულებზეც, ატარებდნენ როგორც თილისმას. ხდებოდა გამოსახვა როგორც საომარ, ისე სანადირო იარაღებზეც. აქვე უნდა აღინიშნოს  ქრისტიანულ სიმბოლო – ჯვართან მისი ვიზუალური მსგავსება, რომელიც შესაძლოა შემთხვევითი არც იყოს…
რუნა Algiz უკავშირდება ღვთაება ჰეიმდალს, რომელიც წამყვანი ფიგურა იყო ნორვეგიულ მითოლოგიაში. ის იყო ადამიანთა  დამცველი, ასევე იდგა სამყაროთა გამყოფ კარიბჭესთან, თითოეულ ადამიანს მასთან უნდა გაევლო განწმენდის რიტუალი, უნდა მიეღო მისი მფარველობა/დალოცვა. მას გამოსახავდნენ რქებითა  და ბასრი ხმლით.
ჩემი აზრით ვიკინგები რქიან ჩაფხუტებს მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ იყენებდნენ. რქა ითვლებოდა ზეციურ სიმბოლოდ, იყო ღვთაების ერთერთი ინსიგნია, თან არამხოლოდ სკანდინავიურ მითოსში, მსგავსი რამ გვხვდება ეგვიპტურ მითოლოგიაშიც. კერძოდ კი საუბარია ღვთაება ამონზე, ხნუმსა და ჰათჰორზე, ამ უკანასკნელთ სწორედ რომ რქებით გამოსახავდნენ
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  Algiz   ჩასმულია სიმბოლოში, რომელიც უკავშირდება 60-70იან წლებში გავრცელებულ ჰიპების სუბკულტურას.თუმცა, როგორც ისტორია გვამცნობს ამ სიმბოლოს შემქმნელი ჯერალდ ჰოლტომი ნაკლებად ფიქრობდა სკანდინავიურ მართლწერაზე… მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმბოლო უკავშირდება მშვიდობას, სიკეთესა და თავისუფალ სიყვარულს, მის ფესვებს მაინც დამანგრეველ ძალას და სიკვდილთან მივყავართ.  მსგავს ნიშანს იყენებდა ვერმახტის მესამე სატანკო დივიზია. უნდა აღნიშნოს, რომ გადმოტრიალებული Algiz  (როგორც ჰიპების სიმბოლოზეა) სწორედ რომ დამანგრეველ ძალას და ფარულ, შემაძრწუნებელ შიშს უკავშირდება. აქვე გავიხსენოთ თავად ჰიტლერის ინტერესი რუნებისა  და ზოგადად ძველი გერმანო-სკანდინავიური კულტურის მიმართ…
პ.ს. ხევსურეთში  სოფ. ლებაისკარის ჩრდილოეთით მდებარეობს შუა საუკუნეებში აშენებული ციხე-კოშკი. ლებაისკარის ციხის ჩარდახზე გამოსახულია საკრალური დატვირთვის ნიშნები. რომელთა დეშიფრირება რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ მომხდარა. ერთერთი მათგანის დანახვისას შეუძლებელია ვიზუალური პარალელები არ გაავლოთ რუნა Algiz -თან.  

შესაძლოა ჩვენს წინაპრებს უბრალოდ ზეცად ხელებაპყრობილი ადამიანის გამოსახვა უნდოდათ, თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ  საგულისხმო  კავშირი იყოს ამ ორ ნიშანს შორის.  ამის გარკვევა მომავლის მეცნიერებას მივანდოთ…

მადლობა წყაროს: https://marvikernes.wordpress.com/2017/10/23/algiz-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95/