ჩატვირთვა..

ღმერთები, დემონები, სულები

ავტორი: Reginlave
  • 869
ღმერთები, დემონები, სულები (ძვ. სკანდინავია)

სკანდინავიური პანთეონი ორი კატეგორიის ღმერთებისგან შედგება - ასებისგან (ძირითადი ჯგუფი) და ვანებისგან (ნაყოფიერების ღმერთების მცირე ჯგუფი). ამ ჯგუფს თავში უდგას ოდინი (ძვ. გერმ. ვოდან), რომელიც ჩვ. წ.-ის I ათასწლეულის პერიოდში იქცა ომის და ცის ღმერთად, რითიც მეორე პლანზე გადაწია მსგავსი ფუნქციების მქონე ორი ღმერთი-ასი - ტორი და ტიური. ოდინი - არის ომის მაგიის (სიბრძნის და ნათელხილვის) და საბრძოლო მეტოქეობის ღმერთი, გმირების მფარველი და მმართველი „საბრძოლო სამოთხის“ (ვალჰალა), მაშინ, როცა ტორი (ძვ.გერმ. დონარ) - არის ჭექაქუხილის ღმერთი, ღმერთების და ადამიანების მფარველი ხთონური ქმნილებებისგან, ხოლო ტიური (ძვ. გერმ. ტიუ) - საბძოლო წესების მცველი, ორთაბრძოლების და სამხედრო შეკრებების მფარველი. მათ გარდა, ასების სიაში შედიან; სკალდური პოეზიის ღმერთი ბრაგი, ღმერთების და „სამყაროს ხის“ მცველი ჰეიმდალში, მშვილდისრის სროლის და თხილამურებით სრიალის ღმერთი ული (რომელიც ასევე იმ მეომრების მფარველია, რომლებიც მარტო იბრძვიან), სამართლის ღმერთი ფორსეტი, მთვარის ღმერთი მანი, ქორწინების, სიყვარულის, ოჯახის კერის და ბავშვების დაბადების ქალღმერთი ფრიგი (დედა-მიწა და ოდინის ცოლი), მზის ქალღმერთი სოლი, ნაყოფიერების და უკვდავების ქალღმერთი იდუნი (ბრაგის ცოლი), გარდაცვლილი ქალწულების მფარველი გევიონი, ასევე ღმერთები, რომელთაც არ გააჩნიათ კონკრეტული ფუნქციები, - ოდინის თანამგზავრი ჰენირი, ოდინის ანტიპოდი ბოროტი გარეწარი ლოკი, ნათელი ღმერთი ბალდრი, მისი მკვლელი ბრმა ჰედი და უმცროსი ღმერთების ჯგუფი (ვალი, ვიდარი, მოდი, მაგნი და სხვა). ვანებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან - ნერდი (ძვ.გერმ. ნერტუს), ზღვის, ქარის, საზღვაო მოგზაურობის, მეთევზეობის და ნაყოფიერების ღმერთი, და მისი შვილები მცენარეულის, მოსავლის, სიმდიდრის და მშვიდობის ღმერთი ფრეირი (ძვ.გერმ. ფრო), და ნაყოფიერების, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი ფრეია; ყოველი მათგანი ფლობს წინასწარმეტყველურ უნარს და საკრალურ სიმშვიდეს. ზეციური ოჯახი გვევლინება, როგორც პატრიარქალური საგვარეულო საზოგადოება; მასში მთავარ როლს თამაშობს წევრების კრება და რიტუალური დღესასწაულები. 

ასების და ვანების გარდა, ძველი სკანდინავების მიოლოგიური სამყარო სავსეა სხვადასხვა დემონური არსებებით და სულებით. ესენი არიან ღმერთების წინააღმდეგ მებრძოლი ხთონური ურჩხულები (მგელი ფენრირი, გველი ერმუნგარდი, მკვდართა სამეფოს დედოფალი ჰელი, გიგანტური ძაღლი ჰარმი) და ეტუნები (გოლიათები), ასევე ცვერგები (ლილიპუტი-მჭედლები, რომლებიც მიწისქვეშ ან ქვებში ცხოვრობენ), ელფები (დაბალი რანგის ბუნების სულები), ვალკირიები (ოდინის მსახური, მებრძოლი ქალების სულები) და ეინჰერები (გარდაცვლილი გმირები, რომლების ვალჰალაში ბინადრობენ).