ჩატვირთვა..

ცეცხლი და ყინული

ავტორი: Reginlave
  • 952
ცეცხლი და ყინული - დიხოტომია, დიალექტიკის ძირითადი პრინციპი, სადაც მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგოს ერთიანობა და ბრძოლა მუდმივ ხასიათში. თითქმის ყველა კულტურის მითოლოგიაში თუ მოძღვრებაში, აღმოსავლურში, დასავლურში, ჩრდილოურში თუ სამხრეთულში, გვხვდება ისტორიები ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისზე (ბნელით და ნათელით, ცუდით და კარგით, ბოროტით და კეთილით, ინით და იანით დაწყებული, მუსპელჰეიმით და ნიფლჰეიმით დამთავრებული), რომლებიც სამყაროს შექმნას აღწერენ.

სკანდინავიურ მითოლოგიაში ცეცხლის სამყაროს (მუსპელჰეიმის) რუნული სიმბოლოა - Kano (იგივე Kenaz, ცეცხლი), ხოლო ყინულის (ნიფლჰეიმის) - Isa (ყინული). 

Kano - სკანდინავიურ მითოლოგიაში სიმბოლურად წარმოადგენს ჩირაღდანს, ცეცხლს, სინათლის გაელვებას, რომელიც ჭეშმარიტ მდგომარეობას გვიჩვენებს. მისი ფუნქცია - თავისი სინათლით ჭეშმარიტების გამოვლენაა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩირაღდნის ან ცეცხლის დანთებას აზრი არ აქვს დღის სინათლეში, ის მხოლოდ სიბნელეში ანათებს. ერთი სიტყვით, მისი ძირითადი თვისება სწორედ დაფარულის გახსნა ან გამოვლენაა.

Isa - სრული გამყინვარებაა, კრისტალიზაცია, აბსოლუტური სიმშვიდის მდგომარეობა. სიცარიელე, "თეთრი მდუმარება", მედიტაციის ერთერთი უმაღლესი საფეხური. ამასთან, ყინული გაქვავებასთან და სიმყარესთანაც ასოცირდება. მისი არსი არის "შინაგანი ბირთვი", სადაც იკვეთება ნება, უშიშრობა, წონასწორობა, ყინულივით მშვიდი მდგომარეობა, ზოგჯერ ცივსისხლიანობაც კი. მისი ლოზუნგია "სიმშვიდე მოძრაობაში ან მოძრაობა სიმშვიდეში".