ჩატვირთვა..

ვალკირიები

ავტორი: Reginlave
  • 765
ვალკირიები 

ვალკირიები („მოკლულთა გადამრჩეველნი“), სკანდინავიურ მითოლოგიაში ოდინის დამხმარე მებრძოლი ქალწულები არიან, რომლებიც წყვიტავდნენ ბრძოლებში ვის გაემარჯვა და ვინ მომკვდარიყო. ისინი ცხენების რიგით გადაუფრინდებოდნენ ხოლმე ბრძოლის ველს, როგორც სვავები, და ოდინის სახელით მეომრების ბედს მართავდნენ. გმირულად დაცემული რჩეული მეომრები ვალჰალაში - „მოკლულთა სასახლეში“ მიჰყავდათ, სადაც ისინი ოდინისმასპინძლობით სარგებლობდნენ. მებრძოლ-ქალწულებს გამოსახავდნენ მუზარადებში, შუბებით და ფარებით. ლეგენდების მიხედვით, მათი აბჯრის ბრწყინვალება ცაზე ჩრდილოეთის ციალს იწვევდა.

თავდაპირველად ვალკირიები ომის ავი სულები იყვნენ, სიკვდილის ანგელოზები, რომლებიც სიამოვნებას იღებდნენ სისხლიანი ჭრილობების ყურებით. გვიანდელ სკანდინავიურ მითებში კი, ვალკირიებმა უფრო რომანტიული იერ-სახე მიიღეს, ისინი ოდინის ფარის მატარებლებად იქცნენ, ოქროსფერი თმებით და ქათქათა კანით, რომლებსაც რჩეული მეომრებისთვის ვალჰალაში საჭმელ-სასმელი მიჰქონდათ. ისინი ბრძოლის ველის თავზე ქალი-გედების ან ქალი-მხედრების სახით დაფრინავდნენ, რომლებიც თვალისმომჭრელ ღრუბლის ცხენებზე ამხედრებულიყვნენ, წვიმის ფაფრებით მიწას რომ ნამავდნენ.

ანგლო-საქსური ლეგენდების მიხედვით, ზოგიერთი ვალკირია ელფებისგან წარმოიშვა, მაგრამ მათი უმრავლესობა ცნობადი ერლების (თავადების) ქალიშვილებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ სიცოცხლეში, ღმერთების რჩეულებად იქცნენ და შეეძლოთ გედებად გადაქცეულიყვნენ. 

თანამედროვე ადამიანისთვის ვალკირიები ცნობილნი გახდნენ უძველესი ლიტერატურული ძეგლის დამსახურებით, რომელიც ისტორიაში „უფროსი ედას“ სახელით დარჩა. აქ თითოეულ ქალწულ-მეომარს მოიხსენიებენ იმ სახელით, რომელიც მის არსს შეესაბამებოდა - გიონდულ, გუნნ, როტა, სკიოგულ, სიგრდრივა, სიგრუნ, სვავა, სკულდ, და სხვები. ბევრი მათგანი იმდენად ძველია, რომ დღეს მათი თარგმნაც კი ვერ ხერხდება.

როდესაც ვალკირია სიგრდრივამ ბრძოლაში კონუნგ აგნარს უბოძა გამარჯვება და არა მამაც მებრძოლ ჰიალმ-გუნნარს, მას ბრძოლებში მონაწილეობა აეკრძალა. ოდინის ბრძანებით ის დიდი ხნის განმავლობაში ღრმა ძილში ჩაეფლო, რომლის დასრულების შემდგომ, გამოღვიძებული ყოფილი მებრძოლი-ქალწული ჩვეულებრივ მიწიერ ქალად იქცა. მეორე ვალკირიამ, ბრუნჰილდამ, მოკვდავთან ქორწინების გამო დაკარგა თავისი ზე-ადამიანური ძალები, მისი შთამომავლები კი ბედისწერის ქალღმერთებს - ნორნებს შეერწყნენ. სკანდინავიელებს სწამდათ, რომ გამარჯებაზე გავლენის მოხდენით, ვალკირიები კაცობრიობის ბედს წყვიტავდნენ.

გვიანდელი მითებიდან გამომდინარე, იდეალიზირებული ვალკირიები უფრო ნაზები და მგრძნობიარეები იყვნენ, ვიდრე მათი სასტიკი წინაპრები, და ხშირად უყვარდებოდათ მოკვდავი გმირები. ვალკირიებისთვის ზე-უნარების ჩამორთმევის ტენდენცია ხშირად იკვეთება მეორე ათასწლეულის დასაწყისის გადმოცემებში, სადაც ავტორები ხშირად ვალკირიების სახედ, იმ პერიოდებში მცხოვრები რეალური ადამიანების ბედს და გარეგნობას წარმოგვიდგენენ. ვალკირიის მკაცრი ხასიათი წარმოაჩინა გერმანელმა კომპოზიტორმა რ. ვაგნერმა, რომელმაც შექმნა განთქმული ოპერა „ვალკირია“.